2013 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის წევრი არ იქნება. ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შეთანხმებას უმრავლესობამ და უმცირესობამ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიაღწიეს.
აღნიშნული კონსულტაციები დავით ბაქრაძესთან კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე გაიმართა.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა ერთი შეუთანხმებელი საკითხი მაინც რჩება - საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმაზე ვერ თანხმდება. ოპოზიციას აინტერესებს რა ვადებში შეეძლებათ კანონმდებლებს კრიზისის შემთხვევაში მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება. ამ საკითხზე დეპუტატები კონსულტაციებს დღის განმავლობაში კიდევ გააგრძელებენ.