სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია.
„თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.
ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.
მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.