როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით. ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება. მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.