არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სტაბილურობის შენარჩუნება არის მისი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
"ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.
დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.
პოლიტიკური ვითარებიდან, საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.
როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.