ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან იწყებს შეხვედრას.
წინასწარი ინფორმაციით, მხარეები ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მიერ შესრულებულ ვალდებულებებს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ნატოს გენმდივანი საქართველოს გუშინ გვიან ღამით ეწვია და თავისი ვიზიტის პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. ამის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვევა და მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან გამართავს შეხვედრას.
ამას გარდა, ასევე დაგეგმილია ნატოს გენმდივნის ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა სადაც რასმუსენი სიტყვით გამოვა.
თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
დღესვე იგი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან. ამას გარდა, რასმუსენი ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნასაც დაესწრება რის შემდეგაც ვიზიტის ბოლოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გაიმართება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სააკაშვილისა და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ნატოს გენმდივანი საქართველოს დღეს 16:00 საათზე დატოვებს.