დღეს, 1-ელ ოქტომბერს, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. როგორც "ქრისტიან-დემოკრატები" იუწყებიან, თარგამაძე ბრიტანელმა კონსერვატორებმა ბირმინჰემში კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე მიიწვიეს.
ყრილობა სამ დღეს გასტანს და მასში კონსერვატიული პარტიის ლიდერი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
"ქდმ"-ის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში, ბირმინგემსა და ლონდონში, დაგეგმილია გიორგი თარგამაძის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, კონსერვატიული პარტიის ლიდერებთან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
დიდ ბრიტანეთში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის ვიზიტი ერთ კვირას გასტანს.