საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყნის დეცენტრალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისა" და მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"საქართველოში ვატარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას, მათ შორის არის დეცენტრალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოში მმართველობის სამი ცენტრი - თბილისი, ბათუმი და ქუთაისი - შეიქმნება, სადაც პარლამენტი გადავა; ასევე მთავრობის წარმომადგენლობა, იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა უნდა იყოს მუდმივად მობილური. ქვეყანა პატარაა, არის კარგი გზები, ვაშენებთ კარგ აეროპორტებს, ჩქარ რკინიგზებს და მთავრობას არ უნდა უჭირდეს, იყოს ერთდროულად ყველგან. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი დინამიკა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მობილური მთავრობა და აღებული ტემპით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რასაც ხელს ქვეყნის დეცენტრალიზაციაც შეუწყობს.
"ადრე თბილისში ერთ ქუჩაზე წყდებოდა ყველაფერი. შეიკრიბებოდნენ და ან ვიღაცას აგდებდნენ, ან ლაძღავდნენ, ან ესროდნენ და ან უჩოქებდნენ. ერთ ქუჩაზე შეკრებილი ხალხი მთავრობას აგდებდა და ამ დროს საქართველოს სხვა რაიონებში ქეიფობდნენ. ჩვენ ეს დავამთავრეთ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის დეცენტრალიზაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორცილდეს.