„ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მათთვის მსუყე თემაა მეუფე იაკობის განცხადებები და ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც თავისთავად არის არა მარტო მცდარი, არამედ დამაზიანებელი ეკლესიისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის იქედან გამომდინარე, რომ ეკლესია და სახელმწიფო არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი“, - განაცხადა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პროკურატურამ განმარტა, რომ აღნიშნული საქმე გამოძიების დაწყებას არ ექვემდებარება და პარლამენტი პროკურატურას გამოძიების დაწყებას ვერ „დააძალებს“.
„თუ ქალბატონი სალომე სამადაშვილი მოითხოვს მეუფე იაკობის დაკითხვას პარლამენტის კედლებს შორის, ეს არ მგონია, რომ ეკლესიის მხარდაჭერა გამოვიდეს. მე არ ვიცი მადა მერე როგორ გაეზრდებათ ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს, იქნებ პატრიარქის დაკითხვაც მოინდომონ, პრემიერმინისტრის და ა.შ. პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს არის საქმე, რომელიც გამოძიების დაწყებას არ ექვემდებარება. თუ ვინმე პარლამენტს ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გვეუბნება, რომ ჩვენ პროკურატურას უნდა დავაძალოთ ამ საქმის გამოიძიება, ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენ ასეთ ქვეყანას არ ვაშენებთ, სადაც ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს ავალებდეს შენ ეს საქმე უნდა გააკეთო“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.