საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის მთავარი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა". მისი თქმით, დღეს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის ცენტრია და მისი წარმატებები შურთ რუსეთში. პრეზიდენტმა რუსეთის მიერ საქართველოს რეფორმების გადაღების მცდელობა ოროსანი მოსწავლის მიერ ხუთოსანისაგან საკონტროლოს გადაწერას შეადარა.
სააკაშვილის განცხადებით, "როდესაც რუსეთი მტრისგან (საქართველოსგან) ცდილობს საკონტროლოს გადაწერას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ძალიან მაგარია".
"დღეს მთავრი ძალა საქართველოს მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციისა არის "ნაციონალური მოძრაობა" და საქართველო არის მოდერნიზაციის ცენტრი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უფრო ფართო რეგიონის მასშტაბითაც. ეს არ არის ჩემი სტყვები. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოდერნიზაცია არის განხილვის საგანი რუსეთში. არ ვიცი, ეს უნდა მახარებდეს თუ არა, მაგრამ მოდერნიზაცია, ალბათ, რუსეთს სჭირდება. ერთხელ საქართველო ხუთოსან მოსწავლეს შევადარე, ხოლო რუსეთი ოროსანს, რომელიც ჩვენს ზურგს უკნიდან ჩუმად იწერს საკონტროლებს, ამიტომ არის, რომ გადაწერილი კარგად არ ჩანს და შეცდომები მოსდით. ამას სჯობს, გვერდზე დაგვისხდნენ და ჩვენთან ერთად ისწავლონ. როდესაც მტრისგან იწერ, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან მაგარია", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეისათვის დებატები მიმდინარეობს შუა აზიასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში იმის თაობაზე, რომ საქართველო წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილებების ბრენდად იქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.