თბილისის ზოოპარკში მატებაა. დაიბადა გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის შვილი.
„იცით, ვინაა ეს წაბლის მატლივით მსუქანი და ღოღიალა არსება? აფრიკული მოხატული ძაღლის შვილი. მოდით, ლეკვი ვთქვათ, თორემ ძაღლიშვილი რაღაცნაირად, უხერხულად ჟღერს.
იმშობიარა დედამისმა, ვიცოდით, მაგრამ რამდენი გააჩინა, ან რა სქესის, დღემდე ვერ გავარკვიეთ. ბუნაგში ჰყავს პატარები შემალული და არავის აჭაჭანებს ახლოს. ჩვენც არ ვურღვევთ მყუდროებას, არ ვანერვიულებთ, პალატაში არ ვეჭრებით, არიქა, ბავშვები დაგვანახეო და ვაძლევთ საშუალებას, თვითონ გადაწყვიტოს, როდის წარუდგინოს სამყაროს ნაშიერები. ჰოდა, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. რამდენიმე დღეა, რაც გარეთ გამოყვანა დაიწყო. ჯერჯერობით ორი ცალი გვაჩვენა. გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს.
აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და პირველ რიგში, ამიტომაა მნიშვნელოვანი ამბავი მათი გამრავლება. მეორე ის, რომ ზოოპარკებში, სადაც მათი გადარჩენის პროგრამები ხორციელდება, ადვილად ვერ მრავლდებიან. და ცხადია, გავიფხორეთ ამაყი მშობლებივით. და მესამეც - რა ჯობია იმ ემოციას, ბუჩქებს შორის ამ თვალებღილას რომ მოჰკრავ თვალს და ფოტოს გადაღებასაც რომ მოახერხებ, ყურებამდე გაბადრული”, - წერს თბილისის ზოოპარკი „ფეისბუქგვერდზე“.