"ახალი მემარჯვენეები" თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან და "დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთნა თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეები" ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობენ, ამიტომ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობას მათთანაც აპირებენ.
"თუ შეიქმნება ასეთი პოლიტიკური პარტია რა თქმა უნდა ჩვენ ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება მათთან ალიანსის ტიპის შესაძლო გაერთიანებას, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მემარჯვენეები არ ვაპირებთ არანაირ ალიანსში შესვლას. პარტია იქნება დამოუკიდებელი, როგორც ეს აქამდე იყო", - განაცხადა ნაჭყებიამ.
როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ახლა პოლიტიკურ პარტიის შექმნას გეგმავენ.