საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს "სამართლიანი საქართველოს" ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთანაც აწარმოებს.
ამის შესახებ ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
"ეს არ იქნება პარტია. ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანება ან ცოტა უფრო მეტი. ამ დროისთვის მოლაპარაკება ზურაბ ნოღაიდელთანაც გრძელდება და უფრო მეტი დეტალი მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი", - აღნიშნა თავდაცვის ექს-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე გაერთიანდებიან.