კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის დაუოკებელი სწრაფვა ესპანეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს.
2019 წლის ოქტომბერში, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსსა და აქტივისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვადით 9-დან 13 წლამდე.
რა არის კატალონია?
კატალონია ნახევრადავტონომიური რეგიონია ესპანეთისა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მთავარი და ყველაზე დიდი ქალაქია ბარსელონა.
რეგიონში დაახლოებით 7.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კატალონიას აქვს საკუთარი ენა, პარლამენტი, დროშა, გერბი და ჰიმნი.
კატალონიას ჰყავს ასევე საკუთარი საპოლიციო ძალები და იგი აკონტროლებს ზოგიერთ საჯარო მომსახურებას.
რა ხდება კატალონიაში?
კატალონიელი ნაციონალისტები წუხილს გამოთქვამენ, რადგან კატალონიის რეგიონის გამომუშავებული დიდძალი თანხა ესპანეთის სხვა რეგიონებისკენ მიემართება, ვინაიდან ამ პროცესს მადრიდი აკონტროლებს.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ 2010 წელს ესპანეთის მიერ რეგიონის ავტონომიური სტატუსში შეტანილმა ცვლილებებმა შეარყია კატალონიურ იდენტობას.
2017 წლის პირველ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, სადაც ამომრჩევეთა 90%-ზე მეტმა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 43% შეადგინა.
მოგვიანებით რეფერენდუმის შედეგები ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო.
2017 წლის 27 სექტემბერს კატალონიის პარლამენტის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გამოაცხადა რეგიონის დამოუკიდებლობა ცენტრისგან.
რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კატალონია დამოუკიდებელი, სუვერენული, სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოა. ის სხვა ქვეყნებს და ორგანიზაციებს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.
ამის გამო აღშფოთებულმა მადრიდმა მიმართა ესპანეთის სენატს კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების მხარდაჭერისთვის, რითაც ცენტრალური მთავრობა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარების უფლებას მოიპოვებდა.
ესპანეთის მთავრობამ გაათავისუფლა კატალონიის ლიდერები, დაითხოვა პარლამენტი და მოიწვია ვადამდელი რეგიონალური არჩევნები 2017 წლის 21 დეკემბერს, რომელშიც ნაციონალისტურმა პარტიებმა გაიმარჯვეს.
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი პუჩდემონი ბრიუსელში გაიქცა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო. მათ ბრალად ამბოხება და ამბოხებისაკენ მოწოდება ედებოდათ.
2018 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლება ახლმა მთავრობამ გადაიბარა, კატალონიელმა ნაციონალისტებმა რეგიონზე კონტროლი აღიდგინეს.
ამჟამად, რეგიონის მთავრობას კარლეს პუჩდემონის ახლო მოკავშირე ქუიმ ტორა ხელმძღვანელობს.
კრიზისი კატალონიაში განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი ლიდერების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
დემონსტრანტები დაჟინებით მოითხოვენ დაკავებული ლიდერების გათავისუფლებასა და რეგიონის დამოუკიდებლობას.
გუშინ, ათასობით დემონოსტრანტმა გააპროტესტა ბარსელონაში ესპანეთის მეფის ფილიპე მეექვსის კატალონიაში ვიზიტი.
დემონსტრანტებმა ბარსელონის მთავარ გამზირზე კოცონი დაანთეს, სადაც მეფის პორტრეტები დაწვეს.
"კატალონიას არ ჰყავს მეფე", - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
რამდენიმე კვირაა ესპანეთის რეგიონ კატალონიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს კატალონიის დამოუკიდებლობის მოსურნე ლიდერების დაპატიმრების გამო.
ლიდერების დაპატიმრების გადაწყვეტილება ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო.
ესპანეთის მეფის ვიზიტი ქვეყანაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.
ფილიპე მეექვსე კატალონიას დედოფალ ლეტიციასა და ტახტის მემკვიდრე ინფანტა ლეონორთან ერთად ეწვია. სამეფო ოჯახი ახალგაზრდა მეწარმეების, მეცნიერებისა და მხატვრების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ესპანეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინცესა ლეონორი, რომელმაც კატალონიის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"ეს მიწა, კატალონია, ყოველთვის განსაკუთრებული ექნება ჩემს გულში", - თქვა მან ესპანურ და კატალონიურ ენებზე.
ტერიტორიას, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა, გაძლიერებულად იცავდნენ პოლიციელები.