ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. კონსტიტუციის 155-ე მუხლი დემოკრატიული ესპანეთის ისტორიაში არასდროს ამოქმედებულა. ესპანეთის სენატის მიერ დამტკიცებული საგანგებო ზომები, კატალონიის ლიდერისა და პარლამენტის დათხოვნას და ექვსი თვის ვადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს.
ამას გარდა, ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა კატალონიის ბიუჯეტი, პოლიცია და სახელმწიფო მედია.
როგორც მარიანო რახოიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს, კრიზისის დარეგულირების გზა მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებაა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა შექმნილ კრიზისიში კატალონიის მეთაური კარლეს პუიჩდემონი დაადანაშაულა.
კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციას ფარული კენჭისყრით, 72 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.