ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტი ლისაბონის სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
"პოლიტიკურად ძალიან დატვირთული პერიოდია და კარგია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ამ პერიოდში ჩამოდის. რა თქმა უნდა ვიზიტს ძალიან დიდი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ლისაბონის სამიტის წინ ხორციელდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.
"ამის საფუძველს მაძლევს ის განცხადებები, რომლებიც ნატოს გენერალურმა მდივანმა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გააკეთა. მან რამდენჯერმე ხაზგასმით ისაუბრა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე ნატოში გაწევრიანების პროცესში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში რასმუსენი საქართველოს ხელისუფლების წევრებს და ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეხვდება.