28-29 ოქტომბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა და ბორჯომის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვდერები გამართა. ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ჯაყელი შეხვდა ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებს. შეხვედრებისას გაიმართა იმ 2 ახალი პროგრამის პრეზენტაცია, რომელთა აკრედიტაციაც სკოლამ გასულ თვეში მოიპოვა. კერძოდ, „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“. სკოლა გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს და გადაამზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მისცეს მათ საჭირო ცოდნა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ სამუშაო ადგილზე საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვაში. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონმდებლობის თანახმად საჯარო მოხელეებისათვის „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის“ გავლა სავალდებულო გახდა, ჟვანიას სკოლა კი მზად არის აღნიშნული სატრენინგო პროგრამები ყველა მუნიციპალიტეტს შესთავაზოს.
ჟვანიას სკოლა წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების განვითარებას, ასევე ეროვნული უმცირესობების უზრუნველყოფას სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლა მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს ასევე გამართავს ქვეყნის 6 რეგიონში.