ქართული მხარე რუსი ოკუპანტების მიერ ე. წ. საზღვრების გადმოწევას ნატოს გენარალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტს უკავშირებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განუცხადა, ნატოს გენმდივნის ვიზიტის წინ ოკუპანტები კიდევ ერთხელ ახდენენ ძალის დემონსტრირებას.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, დილის საათებში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და საოკუპაციო ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს" ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.
ამ დროისთვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.
სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი.
სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი.
ამჟამად უკანონო "დემარკაცია" მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.