საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმებისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფი გადაამოწმებს საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი მელაშვილის, ვახტანგ ხმალაძის, ინგა გრიგოლიას, ზურაბ აბაშიძის, ზაზა გაბუნიას და სხვათა შემადგენლობით) წარდგენილ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" ორგანული კანონპროექტზე არსებულ ხელმოწერებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის "ეროვნული ფორუმის" ინიციატივით პარლამენტში 140 000 ათასი ხელმოწერა შეიტანეს.
"ეროვნულმა ფორუმმა" შეადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვენ. ამ დოკუმენტზე მოხდა საქართველოს ყველა რეგიონში 170 000 ათასი ხელმოწერის მოგროვება. ტექნიკური მიზეზების გამო პარლამენტში მხოლოდ 140 000 ათასი ხელმოწერა შევიდა.
ხელმოწერების შეგროვებაში რვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა: "ჩვენი საქართველო - ახალი დემოკრატები", ,,ქრისტიან დემოკრატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ხალხის პარტია", "კონსერვატორები", "საქართველოს გზა" და "რესპუბლიკელები".
ცვლილებები ითვალისწინებს "საარჩევნო კოდექსით" იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!"