საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერების დებატების მეორე ნაწილი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო საზოგადოების და რუსეთის ფედერაციის მისამართით რამდენიმე ინიციატივა და მოწოდება გააჟღერა, კერძოდ კი რუსეთის ხელისუფლება საქართველოში პორტალური კომპიუტერებით და აიპოდებით მოიწვია, კალაშნიკოვებისა და ტანკების ნაცვლად. ამასთან, სააკაშვილი ერთიანი, თავისუფალი კავკასიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა 90-მდე შეხვედრა საზღვარგარეთის ქვეყნების პირველ პირებთან, ევროკომისრებთან და ბიზნეს წრეებთან გამართა, მათ შორის იყო ამერიკელი მილიარდელი დონალ ტრამპი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოვიდა, სადაც ძირითადი აქცენტები ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რუსული აგრესიის შედეგებსა და კრემლის ქმედებებზე გაკეთდა.