ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტი ლისაბონის ნატოს სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ნატოს გენმდივანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
"ლისაბონში ნატოს მორიგი სამიტი ტარდება, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები გადის: ნატოს ახალი სტრატეგია, ასევე დეკლარაცია, რომელშიც უფრო მკაფიოდ იქნება იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც რეგიონალურ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი შეფასებით, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისს გახსნის, რასაც სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
"ეს ერთგვარად იქნება ნატოს საელჩო ჩვენს ქვეყანაში. ბევრად ადვილი იქნება კომუნიკაცია და ურთიერთობები. ნატოს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, დეტალურად გაეცნენ იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად ახორციელებს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხვედრები, რათა საქართველომ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და შეძლოს რამდენიმე წელიწადში ალიანსში შესვლა.
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მყარადაა ძალაში და უცვლელია", - აღნიშნა მან.