"წარმომადგენლობით სახალხო კრებას არ დავესწრებით, რადგან მისი ფორმატი და მიზანი დაუდგენელია"'- ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
როგორც მან კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, კრებაზე მონაწილეობის მოსაწვევი "რესპუბლიკელებმა" არა კონკრეტულად "წარმომადგენლობითი სახალხო კრებიდან", არამედ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან მიიღეს.
"ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაუგებარია წარმომადგენლობითი სახალხო კრების გეგმები. თუ მეტი ინფორმაცია გაჩნდება კრების შესახებ, პოლიტიკური პარტია კიდევ დაფიქრდება საბოლოო გადაწყვეტილებაზე. გაუგებარია კრების მიზნები და ფორმატი. ამიტომ სადაც არ ვიცით რა ხდება, "რესპუბლიკური პარტია" მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა გაფართოებული სხდომა 29 ოქტომბერს გაიმართება.