ავტომობილიდან ნაგვის გადმოყრის გამო მძღოლი 40 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, ადმინისტრაციული სამართლის კოდექსში დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც ავტომობილიდან დანაგვიანების შემთხვევაში მძღოლის დაჯარიმებას ეხება, მისი სამინისტრო შევიდა ინიციატივით, რომ ჯარიმის ოდენობა 40 ლარი ყოფილიყო, თუმცა მთავრობის წევრებმა თანხა 200 ლარით განსაზღვრეს.
მათი განცხადებით, არ უნდა იყოს დიფერენცირება კანონის დამრღვევებს შორის. მათი განცხადებით, ქვეითად მოსიარულე, დანაგვიანების შემთხვევაში, 200 ლარს იხდის და ამავე ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს მძღოლსაც.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. პარლამენტის დამტკიცების შემდეგ კი ძალაში შევა. დანაგვიანებასთან დაკავშირებით კონტროლს გარემოს დაცვის ინსპექცია განახორციელებს.