საქართველოში მოქმედი 14 ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიას კონსტიტუციის ახალი პროექტის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართვას უგზავნის. მიმართვის ტექსტი აღნიშნულ ორგანიზაციებს დღეს საღამოს გადაეგზავნებათ. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს სპეციალური დამატებები. კერძოდ, კი ის, რომ პრეზიდენტს, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, პერმიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
"ამ პოზიციას საქართველოში არსებული ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალა იზიარებს. ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის ცვლილება, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის გახანგრძლივებას ემსახურება", - აღნიშნა ნათელაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის დახმარებით ოპოზიცია მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს.
ცნობისათვის: ოპოზიციის მიმართვას შემდეგი პარტიები აწერენ ხელს: "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", " თეთრები", "ეროვნული ფორუმი", "დაიცავი საქართველო", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "ქალთა პარტია", "კონსერვატიული პარტია", "მწვანეთა პარტია", "ქართული დასი", "სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და "ხალხის პარტია".