საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრს აქვს გაწერილი დღის წესრიგი და მთავრობის სხდომის შემდეგ ის ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას და დეპუტატების შეკითხვებს კი დარგობრივი მინისტრი კობა სუბელიანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი უპასუხებენ.
"საკითხი, რომელიც დევნილების პრობლემების მოგვარებას ეხება, არის თავისთავად საინტერესო და საზოგადოებას აქვს უფლება შეკითხვები დასვას და შესაბამისი პასუხებიც მიიღოს. პრემიერ-მინისტრის გამოძახება საბჭოს სხდომაზე არ უნდა ხდებოდეს წინა დღეს საღამოს 6 საათისთვის. პრემიერ- მინისტრს აქვს გაწერილი დღის წესრიგი და ის ატარებს მთავრობის სხდომას. ხოლო შემდეგ ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება თურქეთში. ეს არავის კაპრიზი არ არის. პრემიერ მინისტრი ამ სხდომას ვერ დაესწრება," - განაცხადა გია ხუროშვილმა.
მისივე განმარტებით, ფორს მაჟორულ სიტუაციაში ანტიკრიზისულ საბჭოს უფლება აქვს მთავრობა და ზოგადად პრემიერ-მინისტრი სხდომაზე დაუყონებლივ გამოიძახოს. ამ ეტაპზე ფორს-მაჟორული სიტუაცია არ არსებობს შესაბამისად ანტიკრიზისულმა საბჭომაც მთავრობის წევრების გამოძახება რეგლამენტის დაცვით უნდა მოახდინოს.