კონკრეტული დანაშაულების ჩამდენების შეწყალება კანონით არ უნდა აიკრძალოს, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის აზრით, საჭიროა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები - როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება.
"როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს მაგალითისთვის, 9 წელი, ორი წლის თავზე. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ჩვენ ალბათ არ უნდა დავუშვათ ის, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს 20 წლის, 25 წლის შემდეგ, მისი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდომარეობიდან, მონანიების ხარისხიდან, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე, არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით", - თქვა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.
მისი აზრით, დასახვეწია ისიც, ვინ შეაფასებს კონკრეტულ პატიმარს.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის აზრით, მნიშვნელოვანია კრიტერიუმებში შეტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტი.