საქართველო მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო მისიებში, ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია ჩვენთვის მოვალეობისა და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევაა.
"ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, მასობრივ მიგრაციებსა და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადებს იწვევს. თანავუგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს. კარგად გვესმის მათი შიში და რისხვა და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენ წილ ტვირთსა და პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.
საქართველო სერიოზულ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში, ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია ჩვენთვის მოვალეობის გრძნობიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.