დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეწყვიტა ვიზიტი აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა და ლონდონში დაბრუნდა. იუწყება Sky News-ი.
ჯონსონმა სამშობლოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ ბრიტანეთის პარლამენტის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
"აღშფოთებულ ბორის ჯონსონს ნიუ-იორკში ვიზიტის შეწყვეტა და ლინდონში, თემთა პალატაში დაბრუნება მოუწია, სადაც მის გადადგომას მოთხოვენ პარლამენტის მუშაობის უკანონოდ შეწყვეტის გამო", - იუწყება გამოცემა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პარლამენტის შეჩერების თაობაზე.
უზენაესი სასამართლოს წევრებმა თქვეს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, პარლამენტისთვის არ მიეცა თავისი მოვალეობის შესრულების საშუალება ბრექსიტის თარიღამდე [31 ოქტომბრამდე], არასწორია.
სასამართლოს თავმჯდომარის ბრენდა ჰეილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო 11-მა მოსამართლემ. მისივე განცხადებით, პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილებამ ბრიტანეთის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებზე ექსტრემალური გავლენა მოახდინა.
მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება ედინბურგის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომაც სცნო უკანონოდ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. ჯონსონის გეგმით, პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო შეჩერებული და 14 ოქტომბერს განახლდებოდა.
მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.
ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.