საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოხსნით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება. პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო. მისივე თქმით, ქართული მხარე ვარაუდობს, რომ მედვედევის ეს გადაწყვეტილება არის ორ ოლიგარქიულ კლანს შორის დაპირისპირება.
"მოსკოვის მერის მოხსნის მიუხედავად საქართველოსთვის ყველაფერი უცვლელად რჩება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის ორ ოლიგარქიულ კლანს შორის დაპირისპირება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, პერზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.
იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დიმიტრი მედვედევის განკარგულება დღეს გახდა ცნობილი. განკარგულებაში გათავისუფლების მიზეზად პრეზიდენტის ნდობის დაკარგვაა მითითებული.