„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Wizz Air-ისა და Ryanair-ისთვის გადახდი თანხის მოცულობას ასაიდუმლოებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა პარლამენტის წევრის, რომ გოცირიძის სადეპუტატო შეკითხვაზე პასუობს, რომ Wizz Air-თან და Ryanair-თან ხელშეკრულებებში მხარეს სამინისტრო არ წარმოადგენს.
„მითითებულ ავიაკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების უშუალო მხარეს წარმოადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, რომლის პასუხი გეგზავნებათ დანართის სახით", - აღნიშნულია მინისტრის მიერ დეპუტატისთვის მიწერილ წერილში.
დანართი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახსენებს, არის „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილისთვის მიწერილი სადაც ვკით, რომ: „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენებით, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ისეთ საქმიანობას, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი წესები“.
ამავე წერილში, ჩოგოვაძე განმარტავს, რომ ავიაკომპანია “Wizz Air”-სა და „Ryanair“-თან საქართველოს აეროპორტებში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული ყოველგვარი ხელშეკრულების მხარეა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„ჩვენი კომპანია კი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის კანონიერ ძალაში შესული №3/8274-16 გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენებით, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის ისეთ საქმიანობას, რომელთან დაკავშირებულ ინფორმაციაზეც არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი წესები. გამომდინარე აქედან, ჩვენი კომპანიის ნებისმიერი ტიპის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ეს საქმიანობა არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით, არ ითვლება საჯარო ინფორმაციად და არ ექვემდებარება სავალდებულო გაცემას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი წესების მიხედვით.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარლამენტის წევრის კითხვაში მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით იმ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, რომელიც არ ითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზვრულ საჯარო ინფორმაციად, შესაძლებელია გავრცელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე, როგორც საჯარო დაწესებულებაზე, მაგრამ იგი ვერ შეეხება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ვინაიდან ჩვენი კომპანია წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს”, - წერია წერილში.
პარლამენტის წევრის შეკითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, ჩოგოვაძე აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ არასოდეს განხორციელებულა სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიების სუბსიდირება.
„რაც შეეხება ავიაკომპანია “Wizz Air”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ ფარგლებში ნებისმიერი ანგარიშსწორება ხორციელდება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ კუთვნილი ფინანსური სახსრების გამოყენებით და ამ ხელშეკრულებათა პირობების მიხედვით მათი შინაარსი არ არის საჯარო, ატარებს მკაცრად კონფიდენციალურ ხასიათს და ჩვენს კომპანიას არ გააჩნია უფლებამოსილება მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადოს ისინი. არსებითად იგივე მდგომარეობაა ავიაკომპანია „Ryanair“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. მათ ფარგლებში არ განხორციელებულა ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ხელშეკრულებები, ერთი მხრივ, ვერ ჩაითვლება საჯარო ინფორმაციის მატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, მსგავსად ავიაკომპანია “Wizz Air”-თან გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ისინიც კონფიდენციალურია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დასადები ზოგიერთი ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 აგვისტოს №1865 განკარგულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებები მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არ არსებობს მათი მესამე პირებისათვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.
ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროისათვის შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ არ აქვს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში ფრენების განმახორციელებელ არც ერთ ავიაკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რაიმე ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების გამოყენებით", - აღნიშნულია გიორგი ჩოგოვაძის წერილი.
შეგახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ რამდენიმე დის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათელა თურნავას ოფიციალური წერილით მიმართა „ლოუკოსტერებთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალებით დაინტერესდა.
“გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პირობებით აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან „Wizz Air” და „Ryanair“.
ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რა ფორმით ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებისთვის კომპანიების სუბსიდირება ან მარკეტინგული მხარდაჭერა, რამდენია დღემდე სუბსიდირებისათვის/მარკეტინგული მხარდაჭერისათვის გაწეული ხარჯები და რამდენი იქნება მოსალოდნელი ხარჯი?
სუბსიდირების გარა, „Wizz Air”-სა და „Ryanair“-თან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სხვა სახის ვალდებულებების შესრულებას?”, წერია რომან გოცირიძის მიერ ნათელა თურნავას სახელზე გაგზავნილ წერილში.