2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.
„დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის. მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში.
2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.
საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები.
უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით.
ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში. ამასთანავე, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდ ტვირთად გვაწევს.
საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.