23 სექტემბერს, ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბარათაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, პრეზენტაციის სახით გააცნო სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება.
,,ევროსტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, ცვლილებები არის ძალიან მასშტაბური. წესდება ახალი შეღავათები, კერძოდ, კულტურის, განათლების, სამედიცინო სფეროში, ასევე, საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილში. ვფიქრობ, ეს ცვლილებები შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს გადასახადის ადმინისტრირებას.“- განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. სამუშაო შეხვედრას 7 ბიზნესასოციაციის, კერძოდ: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელათა ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, გადასახადის გადამხდელთა კავშირის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.