საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ დავით ნარმანიას კანდიდატურას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
დავით ნარმანიამ კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს კომისიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის უზრუნველსაყოფად შვიდპუნქტიანი გეგმა წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე; მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე; ბაზრის ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე; განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის განვითარებაზე; კომისიის შიდა მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ.