შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, კითხვებს, რომლებიც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, პასუხებს გასცემს გამოძიება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი იმის თაობაზე, რომ შეწყალების საქმეში დიმიტრი გაბუნიას გვარი ფიგურირებს და დაიბარებენ თუ არა მას დაკითხვაზე, წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტი საქმის გამომძიებელმა იცის და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„ამის შესახებ ყველაზე მეტი გამომძიებელმა იცის. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.