თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი გუგული მაღრაძე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გუგული მაღრაძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
G
მისი თქმით, 29 სექტემბერს დანიშნულ თსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნებისათვის, სერიოზულად მოემზადნენ ის ძალები, რომლებთაც სურთ უნივერსიტეტზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელება. მაღრაძის განმარტებით, გარედან შემოიყვანეს უნივერსიტეტში საარჩევნო კომისიად "ხელისუფლების ერთგული" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა".
"თითქოს უნივერსიტეტში არ მოიძებნებოდა 7 ადამიანი, რომელიც მოახერხებდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. უკვე არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ სასწრაფოდ შეიტანეს ცვლილება ფაკულტეტის საბჭოების შემადგენლობაში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლობის გასაზრდელად, საბუთების შეტანის ბოლო დღეებში თავისი კანდიდატურები წამოაყენეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა, რომლებიც მანამდე არ აპირებდნენ აკადემიურ საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა მაღრაძემ და დასძინა, რომ ეს ძალები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესურასთან მიმდინარეობს ინტენსიური ფარული "მუშაობა", რათა უზრუნველყონ აკადემიურ საბჭოში ისეთი ადამიანების მოხვედრა, რომლებიც უსიტყვოდ დაეთანხმებიან ხელისუფლების ყველა მოთხოვნას, "თუნდაც უნივერსიტეტის ინტერესების საწინააღმდეგოდ".
"სამწუხაროდ არ გამოიღო შედეგი ჩემმა შეთავაზებამ აკადემიურ საბჭოში ასარჩევი კანდიდატებისადმი შევთანხმებულიყავით საერთო კანდიდატებზე, რომ ნაწილობრივ მაინც წინ აღვდგომოდით ამ მანიპულაციებს", - აღნიშნა მაღრაძემ. M
გუგული მაღრაძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნივერსიტეტში ყოველთვის არის და იქნება პროფესურა და სტუდენტობა, რომელიც მას მხარს დაუჭერს, მაგრამ მისივე განმარტებით, იგი საკუთარ კანდიდატურას მაინც ხსნის, გამომდინარე მისი პიროვნული და პროფესიონალური ფასეულობებიდან.
"მომავალი საბჭოს სავარაუდო შემადგენლობაში ჩემი პროფესიონალური და პიროვნული ფასეულობებიდან გამომდინარე ჩემს ადგილს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამიტომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - აღნიშნა მაღრაძემ.
მაღრაძე იმედოვნებს რომ მისი გადაწყვეტილება დააფიქრებს უნივერსიტეტელებს, რომ "საჭიროა მათგან მეტი პრინციპულობა, ხოლო უნივერსიტეტის გარე საზოგადოებისგან მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა პირველი ქართული უნივერსიტეტის ღირსების დასაცავად".