თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, ქრისტიან-დემოკრატები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ. ინიციატივა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემას უკავშირდება. კერძოდ, კი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დადგენილია ქულების ზღვარი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს სახელმძღვანელოები დაურიგდა. ასეთი ოჯახებისთვის მინიჭებულ ქულათა ოდენობა 57000-ზე მეტია და არ აღემატება 70000-ს.
ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით კი ზღვარმა უნდა აიწიოს და დაეხმარონ იმ ოჯახების ბავშვებსაც, რომლებსაც 70000-ზე მეტი ქულა აქვთ.
"თუკი 70000-ს ქულიანი ოჯახი არის დასახმარებელი, მაშინ 70000-ზე რამდენიმე ასეულით მეტ ქულიან ოჯახებს არა მგონია, რომ არ ჭირდებოდეთ დახმარება,"- განაცხად საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლიამ. მან, ასევე, მიმართა საკრებულოს ყველა დანარჩენ წევრს, რომ შეთანხმდნენ და დაეხმარონ იმ დარჩენილ ოჯახებსაც.
აღნიშნულის შესახებ, ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერიას უახლოეს მომავალში მიმართავენ.