აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან ერთად აგარის, აქუცისა და დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რაც ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს. მიმდინარე პროექტების გაცნობის პარალელურად, მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„მოსახლეობის მხრიდან წამოსული ყველა საკითხი, ყველა მოსაზრება იქნება გათვალისწინებული შემდეგი წლის ბიუჯეტში. ასევე, მინდა დავამატო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და მიიღებს რეგულარულ ხასიათს.“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ პირველ მაისში 20 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სახელმწიფო ბინებით იმ ოჯახებს უზრუნველყოფს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას.
ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 998 000 ლარია გათვალისწინებული, რაც 46 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.