გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სრულად აიკრძალება პოლიეთილენის პარკების გამოყენება. იტყობინება Deutsche Welle.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა სვენია შულცმა დღეს, 6 სექტემბერს გამოაცხადა და თქვა, რომ იმედი აქვს, კანონპროექტი 2020 წელს კანონად გადაიქცევა.
"მჯერა, რომ ჩვენ გვექნება გერმანელი ხალხის მხარდაჭერა. ვფიქრობ, სწორედ ახლა არის პოლიეთილენის პარკების აკრძალვის დრო", - თქვა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, კანონდამრღვევი ბიზნესოპერატორისტვის 100 000-ევროიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
კანონის მიღების შემდეგ, გათვალისწინებულია 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ბიზნესსექტორმა არსებული მარაგის გამოყენება მოასწროს.
გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, გერმანიაში პოლიეთილენის პარკების გამოყენების მაჩვენებელი 2015 წლიდან 64%-ით შემცირდა.