რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო სტატუსით დაბრუნება საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწყებას გამორიცხავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ქართული მხარე მზადაა რუსეთთან უპირობო მოლაპარაკება დაიწყოს, თუმცა რუსეთთან დიალოგის წარმართვა აზრს იძენს მხოლოდ მაშინ, თუ საუბარი, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე წარიმართება.
"ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობს შეეხება, მაგრამ ნებისმიერ საკითხზე საუბარი შეუძლებელია, როდესაც მეზობელი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ეწევა. მთავარი საკითხი არის ის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი და დევნილები დაბრუნდნენ. ამაში კი კონფლიქტის მონაწილე მხარე უნდა იყოს ჩართული", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ქართული მხარის მზაობის მიუხედავად, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახის დიალოგზე უარს აცხადებს.
"ჩვენ სამომავლოდ ვითვალისწინებთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, დიდი სახელმწიფო, რომელთანაც სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები გვაკავშირებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლება არ დაელაპარაკება არც ერთ დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს", - აღნიშნა კალანდაძემ.