თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო.
“არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან. ერთადერთი მისია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა, ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე, იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო.
სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა! უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას!
სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა. მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია, ამასაც გაუძლებს ქვეყანა”,- წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
პარტია "ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.