საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტს "ისტორიულ დოკუმენტს" უწოდებს. ასეთი შეფასება ცისკარიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი.
"ეს არის ისტორიული რეფორმა, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოებრივად უფრო უნდა გააძლიეროს", _ განაცხადა მან.
ცისკარიშვილმა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას უნდა დაელოდოს და საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვები ამის შემდეგ დაიწყოს.
"ვენეციის კომისიასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობდა. მათთან შეხვედრები გაიმართა როგორც თბილისში, ასევე სტრასბურგში და ბერლინის კონფერენციაზე. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ კონსტიტუციას ვიღებთ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და არა უცხოელი ექსპერტებისთვის", - განაცხადა ცისკარიშვილმა.