29 სექტემბერს გაირკვევა, ეროვნული კრების იდეის რეალიზება რამდენად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ პარტია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარემ კახაბერ შარტავამ "პრაიმტამის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ასამბლეის ანუ ეროვნული კრების გამართვის იდეას მხარს მისი პოლიტიკური პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა, თუმცა "ეროვნული კრება იმ ამოცანების გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც საქართველოს ეროვნული თვითგამორკვევის მიმართულებით ნაბიჯს გადაგვადგმევინებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით".
შარტავს შეფასებით, ეროვნული კრების იდეა საზოგადოებისგან უნდა წამოასულიყო და არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
"საზოგადოების გადასაწყვეტი და მოსაფიქრებელია, რას უნდა წარმოადგენდეს ეს კრება და პოლიტიკური პარტიების ჩარევა აქამდე ნაადრევად მიგვაჩნდა. 29 სექტემბერს კრების ინიციატორები იკრიბებიან და ვნახავთ, როგორ ჩამოყალიბებენ თავიანთ ხედვას, რის შემდეგაც გაირკვევა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის დამოკიდებულება და ამ იდეის რეალიზების შესაძლებლობები", - განაცხადა "ფორუმის" ლიდერმა.