პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული შეთანხმებები ძალაშია და ცვლილებები კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის აისახება. ეს განცხადება ბაქრაძემ რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ქრისტიან-დემოკრატებმა ბაქრაძეს მიმართეს კითხვით, იყო თუ არა ძალაში შეთანხმებები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დაფიქსირდა. ბაქრაძემ განაცხადა რომ გაკეთებული განცხადება შეთანხმებებთან დაკავშირებით უცვლელია და აღნიშნა, რომ ნაწილი უკვე აისახა, ნაწილი კი საპარლამენტო განხილვის პროცესში დაზუსტდება და კანონპროექტში აისახება.
ეს საკითხები ეხება კერძო საკუთრების დაცვის დამატებითი მექანიზმების შექმნას. საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის საკითხს, გუბერნატორების დანიშვნის საკითხს და კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების დატოვებას.