"ახალმა მემარჯვენეებმა" ორგანიზაციული და საკადრო ცვლილებები განახორციელეს:
ახალი ფორმატით და ახალ რეჟიმში იმუშავებს პარტიის მთავარი კომიტეტი, იქმნება პარტიის ლიდერთა საბჭო, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან - დავით გამყრელიძესთან და გენერალურ მდივანთან დავით საგანელიძესთან ერთად იქნებიან პარტიის სხვა ლიდერებიც: ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ლიდერთა საბჭო პარტიის სტრატეგიასთან ერთად განსაზღვრავს ტაქტიკას და წარმართავს მიმდინარე პოლიტიკურ საქმიანობას. რაც შეეხება პარტიის ორგანიზაციულ და აღმასრულებელ საქმიანობას, გამყრელიძის განმარტებით, მას ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ სოხაძე წარმართავს, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. პარტიის რეგიონულ სტრუქტურას გიორგი ასათიანი უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი ეყოლება პარტიის თბილისის ორგანიზაციას - მას დიდუბე-ჩუღურეთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ლორთქიფანიძე ჩაუდგება სათავეში.
ამასთან, მემარჯვენეების ლიდერის თქმით, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე - დავით ფაცაცია უხელმძღვნელებს. გამყრელიძის განმარტებით, "მემარჯვენეებს" პრესსპიკერიც ეყოლებათ.
"სიახლე ექნება "ახალ მემარჯვენეებს" საზოგადოებასთან ურთიერთობების თვალსაზრისითაც: პარტიას ამიერიდან ეყოლება პრესსპიკერი, რუსუდან გურჩიანი რომელიც უფლებამოსილი იქნება პარტიის სახელით გააკეთოს განცხადებები და, ამავდროულად, უხელმძღვანელებს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობებს", - აღნიშნა გამყრელიძემ.