საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ყველა კითხვას უპასუხა, გარდა გია ცაგარეიშვილის და ნიკა ლალიაშვილის თითო კითხვისა.
ამ წუთებში, პარალმეტნის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით იხილება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. საკითხის მომხსენებელია იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც დღეს სესიაზე დასმულ ყველა კითხვას სათითაოდ უპასუხა, თუმცა არაფერი უთქვამს "ქრისტიან - დემოკრატების" წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნების მიმართ ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება ნიკა ლალიაშვილმა დღეს, ზურაბ ადეიშვილს თხოვა, თუმცა ადეიშვილმა ამ კითხვას არც პასუხი გასცა და საერთოდ არ უხსენებია ეს შეკითხვა.
ადეიშვილმა ასევე იგნორი გაუკეთა დეპუტატ გია ცაგარეიშვილის კითხვას, რომელიც შეეხებოდა საკითხის რიგგარეშე სესიაზე განხილვას. ცაგარეიშვილმა ადეიშვილს სთხოვა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებების გარეშე აეხსნა დეპუტატებისთვის თუ რატომ ვერ მოიცალა ხელისუფლებამ ერთი სამუშაო დღე, იმისათვის რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩვეულებრივ სასესიო კვირას განხილულიყო და განსახილველად რიგგარეშე სესია დღეს არ დაენიშნა.
"მე მაინტერესებს მხოლოდ პრაგმატული პასუხი და გვითხარით იქნებ ეს პასუხი ჩვენთვისაც მისაღები აღმოჩნდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა, თუმცა ადეიშვილმა არც ამ კითხვას გასცა პასუხი.