ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, სადაც ქართულ-უკრაინულ-ბელორუსული საინვესტიციო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის, ასევე საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსხვილი ფონდებისა და კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ინვესტორები და წამყვანი პოლიტიკოსები ესწრებიან. მონაწილეებს უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო და საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე მიესალმნენ.
გიორგი ბარამიძემ ფორუმზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, აქ არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე, საქართველოს, უკრაინასა და ბელორუსიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებასა და ბიზნეს პარტნიორობის გააქტიურებაზე.
ფორუმზე Pპრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე გაამახვილა.
ფორუმის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცის ისეთმა ქვეყანამ, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი, საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად, დროის უმოკლეს პერიოდში შეძლო წარმატებული რეფორმების განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ვიცე- პრემიერ გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოსთან.