ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ მოიწონეს. ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა და სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"რამდენიმე კოლეგას შევხვდი, ვესაუბრე და მათი აზრით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტის გამოსვლის იყო ის პოზიტიური და კონსტრუქციული მოწოდებები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების, არამედ სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული სამოქალაქო სახელმწიფოებრივი სივრცის შექმნას გულისხმობს", - განაცხადა ლომაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მსოფლიო ლიდერთა დებატების მეორე ნაწილი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და ერთიანი კავკასიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ასევე პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პირველი პირები საქართველოში სტუმრის სტატუსით დაპატიჟა და მოუწოდა, "რომ კარგი იქნება თუ კალაშნიკოვის მაგივრად აიპოდებით ჩამოვლენ".