მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ლიდერებს საერთო რეგიონის, კავკასიის ტრანსფორმაციაში მონაწილეობა შესთავაზა. შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან 65-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
"მივმართავ რუსეთის ფედერაციის ლიდერებს. თქვენ არჩევანის წინაშე ხართ _ ან ირჩევთ მონაწილეობას ჩვენი საერთო რეგიონის ტრანსფორმაციაში და სხვა ქვეყნებს აღიქვამთ, როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს, ან ეს ტრანსფორმაცია მოხდება თქვენს გარეშე", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი, ისევე, როგორც ყველას სურვილია, რუსეთი იყოს როგორც პარტნიორი და არა მტერი.
"ჩვენ ყველა გვსურს პირველი გზა _ რუსეთი როგორც პარტნიორი და არა მტერი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას. არავის აქვს იმაზე დიდი სურვილი, ვიდრე ჩვენ, რომ რუსეთი იქცეს ქვეყნად, რომელიც მოქმედებს გაეროს პრინციპებით საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე იცავს ადამიანის უფლებების ძირითად ფასეულობებს", - განაცხადა სააკაშვილმა.