მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა და მრავალეთნიკური საზოგადოების ერთად შექმნა შესთავაზა.
"მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებიც ახალი რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობენ და რომელიც ჩვენ ერთიან ხალხს ჰყოფს. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა _ ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურას, ისტორიას. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან. თქვენ ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილი ხართ, საერთო კულტურისა და საერთო მომავლის. თქვენ ხართ ჩვენი ეროვნული მრავალფეროვნების სიმდიდრე, სიამაყე", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აფხაზებსა და ოსებს მოუწოდა, რომ იმის ნაცვლად, რომ შეეგუონ რუსეთის იმპერიის მხრიდან ანექსიას, ქართველებთან ერთად ააშენონ მრავაკულტურული საზოგადოება, "რაც გახდებოდა შემწყნარებლობისა და პატივისცემის რეგიონული მოდელი".
მისივე თქმით, იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც აფხაზი, ან ოსი საქართველოს მოქალაქე, გახდება გაერთიანებული დემოკრატიული საქართველოს პრეზიდენტი/
"ვოცნებებ იმ დღეზე, როდესაც აფხაზი, ან ოსი საქართველოს მოქალაქე, ჩვენი საერთოO ისტორიის რაღაც პერიოდის შემდეგ, გახდება გაერთიანებული, დემოკრატიული საქართველოს პრეზიდენტი", _ განაცხადა სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ამ ოცნების განხორციელება შესაძლებელი გახდება თავისუფალ საქართველოსთან გაერთიანებით.
"ისეთ საქართველოსთან, რომელსაც ექნება თანაბარი ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც იმოქმედებს, როგორც რაციონალური საერთაშორისო მოთამაშე და არა, როგორც რევიზიონისტის ხელისუფლება. რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც აღიარებს ოკუპაციის ნაცვლად თანამშრომლობას. ღია ბაზრებს და არა ემბარგოს, შემწყნარებლობას წინააღმდეგობის ჩახშობის ნაცვლად, _ განაცხადა სააკაშვილმა.