დევნილების პრობლემაზე უნდა წუხდეს ყველა, ვისაც საერთაშორისო სამართალი აღელვებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე განაცხადა.
"თქვენი ყურადღება უნდა მივაპყრო სერიოზულ პრობლემას, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის პრობლემასთან, არამედ ამაზე უნდა წუხდეს ყველა, ვისაც საერთაშორისო სამართალი აღელვებს. საუბარია, 500 ათას დევნილზე, რომელთაც წართმეული აქვთ ადამიანის უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და საცხოვრებელი პირობები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ქვეყანაში დევნილების არსებობას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგი უწოდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მე ვსაუბრობ უკანონობაზე, რომელიც რუსეთის მიერ არის განხორციელებული. ჩვენს ორ ოკუპირებულ მხარეში არის მმართველობის შავი ხვრელები. დღეს ამ ადგილებში დანაშაული დაუსჯელია. ხელყოფილია ადამიანის ელემენტალური უფლებები. არის იარაღის უკანონო შეტანისა და კონტრაბანდის ფაქტები, ადამიანებით ვაჭრობა. ეს არის მასობრივი განადგურების იარაღის გადაადგილების ტერიტორია, რომელიც ყველას საფრთხის ქვეშ გვაყენებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნები და მისი განხორციელებით მოტანილი უმარავი სიკეთე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და 500 ათასი დევნილისთვის ხელმისაწვდომი არაა.
"ჩვენ შევძელით სიღარიბის დონის შემცირება, განვახოციელეთ განათლების რეფორმა. გავაუმჯობესეთ ჯანდაცვა. მაგრამ, ეს წარმატებები არ არის ძალიან დიდი მიღწევა ჩემთვის, რადგან მისი გაზიარება არ შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. მათ ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მისი გაზიარება სრულად არ შეუძლიათ იმ 500 000 დევნილსაც, რომელიც გამოყრილია საკუთარი სახლიდან", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.