დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩები უკრაინაში აკრიტიკებენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკანონმდებლო ინიციატივას ლუსტრაციის შესახებ.
ელჩები შემაშფოთებელს უწოდებენ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე განურჩეველ აკრძალვას. იგულისხმება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
„დემოკრატიისთვის საარჩევნო ცვლილება და პოლიტიკური როტაცია ნორმალური პროცესია, ხოლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე აკრძალვის დაწესება კი - არა. ჩვენ ვაფასებთ 2014 წლის შემდეგ მიღწეულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნულია ელჩების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გავრცელდა.
ზელენკის ინიციატივა, რომელიც მან უკრაინის უმაღლეს რადას უკვე წარუდგინა, გულისხმობს იმას, რომ ლუსტრაციის კანონი გავრცელდეს ყველა პირზე, რომელთაც ეკავათ სახელმწიფო თანამდებობები 2014 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე პერდიოდში.
საკანონმდებლო ინიციატივის რადას მიერ დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობის დაკავება შეეზღუდება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც, რომელიც, როგორც თავად აცხადებდა, არ გეგმავს უკრაინის პოლიტიკური არენის დატოვებას.
დიდი შვიდეული პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ჯგუფის სახელწოდებაა. მისი წევრები არიან აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და იაპონია.